ჯანდაცვის სამინისტრო „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასწრაფო დახმარების პერსონალის დისკრედიტაციად მიიჩნევს
ჯანდაცვის სამინისტრო „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასწრაფო დახმარების პერსონალის დისკრედიტაციად მიიჩნევს

ჯანდაცვის სამინისტრო „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასწრაფო დახმარების პერსონალის დისკრედიტაციად მიიჩნევს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული „მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების დაგვიანებულ განხორციელებას ეხება, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და უწყება მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას ოფიციალური ცნობა მიაწოდოს.

„მოგეხსენებათ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისსა და პაციენტთა კლინიკებს შორის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული სამსახური ასევე აქტიურად მონაწილეობს კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, მგზავრთა შემოწმების პროცესსა თუ პაციენტთა სამედიცინო მომსახურებაში. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ცენტრისა და მისი პერსონალის უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოადგენს.

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრმა სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ და მხოლოდ 11 მარტს დაიწყო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, 2013 წლიდან დღემდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარობს. რაც შეეხება კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დამატებით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, ცენტრმა უზრუნველყო მათი დროული მობილიზება და ყველა ადმინისტრაციული შენობისა თუ სასწრაფო დახმარების მანქანის სპეციალური ხსნარებით დამუშავება. დამატებითი სადეზინფექციო ღონისძიებები ხორციელდება 5 მარტიდან, კანონით განსაზღვრული მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის გზით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დოკუმენტაცია არის საჯარო და მისი მოძიება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის ზონაში 24 საათის განმავლობაში მოქალაქეთა ჯანმრთელობას იცავს. სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.