მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა

18:44, 07.11.2025

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, პრეპარატ „ნოვორაპიდით“ მკურნალობა ამ ეტაპზე გაგრძელდება მისი ანალოგით, ფრანგული Sanofi Aventis-ის მიერ წარმოებული ინსულინით „აპიდრა“.

მათივე ცნობით, მშობლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ.

„ენდოკრინოლოგების განცხადებით, „ნოვორაპიდიცა“ და „აპიდრაც“ მაღალი ხარისხის მედიკამენტებია და ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლა, ექიმების აქტიური ზედამხედველობის შემთხვევაში, პაციენტებისთვის უმტკივნეულო და უსაფრთხო იქნება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მედიკამენტი „აპიდრა“ საქართველოში ხელმისაწვდომია და მიწოდების კუთხით არანაირი შეფერხება არ არის მოსალოდნელი. ამასთან, მინისტრის თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები, რომ „ნოვორაპიდის“ მწარმოებელმა კომპანიამ, Novo Nordisk-მა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და მედიკამენტით უზრუნველყოფა უახლოეს პერიოდში შეძლოს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ირმა ზავრადაშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

მსგავსი