ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - საქართველოში უკვე არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი დასახელების ვაქცინა, რაც ნიშნავს, რომ მთავრობამ დიდი სამუშაო გაწია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - საქართველოში უკვე არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი დასახელების ვაქცინა, რაც ნიშნავს, რომ მთავრობამ დიდი სამუშაო გაწია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინაციის მართვადი დაავადებების პროგრამების მენეჯერის, სიდჰარტა დატას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესები გამჭვირვალედ მართოს.

მისივე თქმით, პანდემიის მართვის პროცესში მთავრობამ თავიდანვე დიდი ძალისხმევა განახორციელა.

„ჩვენ ვადევნებთ თვალს, რა გააკეთა საქართველომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ. ღიაობა, რომელიც მთავრობას აქვს, რათა მოსახლეობას გაუზიაროს ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი გამჭვირვალედ ცდილობენ ამ პროცესის მართვას.

კოვიდის დაწყებიდანვე კარგი ძალისხმევა იყო ჩადებული პროცესში, თავიდანვე ცდილობდნენ, რომ ყველა პაციენტის მკურნალობა მომხდარიყო, შესაბამისად აღჭურვილიყო ყველა სამედიცინო დაწესებულება. ამასთან, ის ფაქტი, რომ დღეს ოთხი სხვადასხვა დასახელების ვაქცინა არის უკვე ქვეყანაში, ნიშნავს, რომ მთავრობამ დიდი სამუშაო გაწია.

დღეს მე ქართველი კოლეგებისგან მოვისმინე ისეთი მაგალითები, რომლებიც შეგვიძლია, კარგად გამოვიყენოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში. შეჯამების სახით შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ და სამედიცინო დაწესებულებებმა ძალიან მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი შრომა გასწიეს ამ პროცესის სამართავად“, – განაცხადა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.