ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი – ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მზარდი მაჩვენებელი საგანგაშო სიგნალია
სექტემბრში ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მზარდი მაჩვენებელი საგანგაშო სიგნალია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა მარტის მაჩვენებელს აღემატება. ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტმა ინფიცირების შემთხვევების სულ მცირე, ათპროცენტიანი ზრდა დააფიქსირა.
„ჩვენ წინაშე ძალიან სერიოზული ვითარებაა. ამჟამად, ყოველკვირეული შემთხვევები აღემატება იმ მაჩვენებელს, როდესაც ევროპაში მარტში პანდემიამ პირველ პიკს მიაღწია. გასულ კვირას, რეგიონის ერთი კვირის მონაცემებმა 300 ათასს პაციენტს გადააჭარბა.
გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში შევძელით, გვენახა მკაცრი კარანტინის ზომების შედეგები. ჩვენს ძალისხმევას, ჩვენს მსხვერპლს შედეგების გარეშე არ ჩაუვლია. ივნისში შემთხვევების რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა. თუმცა სექტემბრის მონაცემები ყველა ჩვენგანისთვის განგაშის სიგნალი უნდა იყოს. იმის მიუხედავად, რომ ეს ციფრები ასახავს უფრო ყოვლისმომცველ ტესტირებას, ის ასევე აჩვენებს რეგიონში დაავადების გავრცელების საგანგაშო მაჩვენებელს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა.
ჰანს კლუგეს თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 25-დან 49 წლამდე ასაკის პირებში.