ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავა. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაში გაკეთდა.

ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ექსპერტთა ჯგუფმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზები უნდა შეისწავლოს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, ქალაქ უჰანში ამ დღეს, ერთი წლის წინ კორონავირუსმა პირველი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. 2020 წლის 11 იანვარს იმ დროისთვის უცნობი ვირუსით 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მსოფლიომ მალე შეიტყო მისი გარდაცვალების მიზეზი – „კოვიდ-19“. ქალაქ უჰანში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით მილიონ 900 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რაც შეეხება დღევანდელ სტატისტიკურ მონაცემებს, ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 30 ივლისის შემდეგ, რეკორდული დღიური მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 87 536 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის, პანდემიამ 4 634 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.