ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია

22:29, 06.10.2026

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა ჟურნალისტებს რუსეთის ჯანდაცვის უწყებებისგან მიღებული ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ, მათი მონაცემებით, დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელების ნიშნები არ არსებობს.

მისი თქმით, ყველა პაციენტი იდენტიფიცირებულია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან. კრისტიან ლინდმაიერის ინფორმაციით, ამ დრომდე არცერთ მათგანს დაავადების სიმპტომები არ გამოვლენია.

ლინდმაიერის განცხადებით, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველადი შეფასებით, ირკუტსკში ეპიდემიის გავრცელების რისკი საშუალოდან დაბლამდეა, მთლიანად რუსეთის ფედერაციაში – დაბალი, ხოლო ევროპის რეგიონში – ძალიან დაბალი.

რამდენიმე დღის წინ ირკუტსკის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში მომუშავე ლაბორანტი დარია შიპილოვა გარდაიცვალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარია შიპილოვას ლაბორატორიაში მუშაობისას შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაუზიანდა. ამ ვერსიას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის თქმით, რუსეთის ოფიციალური პირები კვლავ იძიებენ, გამოიწვია თუ არა შიპილოვას გარდაცვალება ვირუსულმა პნევმონიურმა ჭირმა. მისი თქმით, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე ეს შეფასება განახლდება.

მსგავსი