ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ვითარება გართულდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ვითარება გართულდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ვითარება გართულდა.

ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს, ვაქცინაციის პროცესი გაააქტიურონ, რათა თითოეულ ქვეყანაში სექტემბრის ბოლომდე აცრილი იყოს მოსახლეობის სულ მცირე 10 პროცენტი.

კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა ესპანეთში, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 500-ს აჭარბებს. ეს თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის გამო, ბარსელონაში კვლავ კომენდანტის საათის გამოცხადებას გეგმავენ.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა საფრანგეთშიც, სადაც მთავრობამ განაცხადა, რომ რესტორნებსა თუ კაფეებში სტუმრობა მხოლოდ ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეეძლებათ. ვითარება გაუარესდა აბუ-დაბიშიც, სადაც 19 ივლისიდან კვლავ ლოკდაუნი გამოაცხადეს.

მოსახლეობის ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით, შეზღუდვების დაწესებას აპირებენ ჩინეთშიც, სადაც ათობით ქალაქის მთავრობა აცხადებს, რომ არავაქცინირებულ ადამიანებს საჯარო სივრცეებში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში მისვლას აუკრძალავენ.

„კოვიდ-19“-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო კვირის განმავლობაში 43%-ით გაიზარდა აფრიკაში. როგორც მედიაში იუწყებიან, აფრიკულ ქვეყნების უმეტესობა ჟანგბადისა და საავადმყოფოებში საწოლების დანაკლისს განიცდის.