ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც აფრიკაში მაიმუნის ყვავილი გავრცელდა.
აფრიკაში გავრცელებული მაიმუნის ყვავილი ახლო კონტაქტით გადადის. მას გრიპის მსგავსი სიმპტომები და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს.
„ნათელია, რომ ამ აფეთქებების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირებაა საჭირო“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა.
მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, გუშინ აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.