ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კომპიუტერული თამაშების აშლილობა“ ავადმყოფობად აღიარა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კომპიუტერული თამაშების აშლილობა“ ავადმყოფობად აღიარა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კომპიუტერული თამაშების აშლილობა“ ავადმყოფობად აღიარა. გადაწყვეტილება ჟენევაში ჯანდაცვის 72-ე მსოფლიო ასამბლეაზე მიიღეს.

როგორც ცნობილია, ავადმყოფობად აღიარებენ იმ დაავადებებს ან გადახრას, რომელთა კლინიკური კვლევა შესაძლებელია, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც ამ დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ, შეუძლია, მკურნალობა მოითხოვოს.

ახალ კლასიფიკაციაში, რომელიც ძალაში 2022 წლიდან შევა, „კომპიუტერული თამაშების აშლილობის“ მახასიათებლებად დასახელებულია შემდეგი სიმპტომები: „თამაშის მსგავსი ქცევის გამეორება“, რომელიც „პირად, საოჯახო, სოციალურ, საგანმანათლებლო, პროფესიულ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში დარღვევებს იწვევს“.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, „კომპიუტერული თამაშების აშლილობის“ მქონე პირები ყველა სხვა საქმიანობაზე წინ თამაშებს აყენებენ და აგრძელებენ თამაშს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას ნეგატიური შედეგი მოჰყვება“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „კომპიუტერული თამაშების აშლილობის“ დაავადებად აღიარებას კომპიუტერული თამაშების მწარმოებლები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მისი გადახედვაა საჭირო.