ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპაში პანდემიის გაძლიერების პირობებშიც კი, სკოლებში სასწავლო პროცესი არ უნდა შეწყდეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპაში პანდემიის გაძლიერების პირობებშიც კი, სკოლებში სასწავლო პროცესი არ უნდა შეწყდეს

ევროპაში პანდემიის გაძლიერების პირობებშიც კი, სკოლებში სასწავლო პროცესი არ უნდა შეწყდეს. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ გააკეთა.

მისი თქმით, ევროპაში ახლა „კოვიდ-19“-ის აფეთქებაა და კონტინენტს წინ მძიმე დღეები ელის.

„ჩვენ ვხედავთ აფეთქებას. მხოლოდ რამდენიმე დღე იყო საკმარისი, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი მილიონით გაზრდილიყო“ ,- განაცხადა კლუგემ.

მიუხედავად ამისა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, სკოლების დახურვა არ არის საჭირო, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსის გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში ხდება.

„ჩვენ ბოლო მომენტამდე უნდა გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რადგან ვერ დავუშვებთ, რომ „კოვიდ-19“-ის გამო თაობა დაიკარგოს“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს აუცილებლად გამოიყენონ პირბადე.

„პირბადის ტარებით და სოციალური კონტაქტების შემცირებით ჩვენ თებერვლისთვის ევროპის რეგიონში 266 ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა.