ჯანდაცვის მინისტრმა საზღვარგარეთ მომუშავე ქართველ ექიმებთან მრჩეველთა საბჭოს ფორმატში კონსულტაციები გამართა
ჯანდაცვის მინისტრმა საზღვარგარეთ მომუშავე ქართველ ექიმებთან მრჩეველთა საბჭოს ფორმატში კონსულტაციები გამართა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შორის მრჩეველთა საბჭოს ფორმატში გამართული კონსულტაციების პირველი ნაწილი დასრულდა.

ჯანადცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი აშშ-სა და ევროპაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის, მისი ხელმისაწვდომობისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შესახებ არსებულ პრაქტიკას გაეცნო.

„ონლაინშეხვედრებზე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს. საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმებმა სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების სისტემის, ექიმთა რესერტიფიცირებისა და პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტები“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მრჩეველთა საბჭოს ფორმატში ონლაინკონსულტაციების მეორე ნაწილი უახლოეს მომავალში გაიმართება, სადაც მხარეები კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე იმსჯელებენ.

მრჩეველთა საბჭო ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. მისი წევრები მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე, სხვადასხვა სამედიცინო დარგის წარმატებული ექიმები არიან, რომლებიც სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში მიიღებენ მონაწილეობას.