ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ქვემო ქართლში წელს 33 ამბულატორიის რეაბილიტაცია და ცხრა ახალი ამბულატორიის აშენება იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ქვემო ქართლში წელს 33 ამბულატორიის რეაბილიტაცია და ცხრა ახალი ამბულატორიის აშენება იგეგმება

2019 წლის ბოლომდე ქვემო ქართლის რეგიონში 33 სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია და 9 ახალი ამბულატორიის აშენება იგეგმება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე მოადგილე ზაზა ბოხუამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრას საკანონმდებლო, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამასთან, ბოხუას თქმით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურებისთვის 13 ახალი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ოფისების მშენებლობა, ასევე პირველადი ჯანდაცვის და სოფლის ექიმების გადამზადება იგეგმება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის, ასევე სხვა სახელმწიფო პროგრამებზე.

ქვემო ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ. მათ სოფელ ასურეთის, ენაგეთისა და შავსაყდარის მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.