ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე – ილია ღუდუშაური წარუდგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.
უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე, ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.