ჯანდაცვის მინისტრი დევნილებს, რომლებიც ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, დღეს შეხვდება
ჯანდაცვის მინისტრი დევნილებს, რომლებიც ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, დღეს შეხვდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დევნილებმა დღეს აქცია გამართეს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ საცხოვრებელ კომპლექს „დირსიში“ ბინები დაიკავეს. დევნილები მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრასა და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. ისინი ცოტა ხნის შემდეგ უწყების შენობაში სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მინისტრი მათ დღეს 17:00 საათზე შეხვდება.

მინისტრის მოადგილის, გიგა გიორგაძის განცხადებით, დევნილებთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა.

„პრაქტიკულად ყოველ კვირას ვხვდებოდით და ისინი მოდიოდნენ თამარაშვილზე, სადაც დევნილთა ყოფილი სამინისტროს შენობაა. მინისტრს შეხვედრაზე პრობლემა არ აქვს. დღეს დაიგეგმა შეხვედრა და რა თქმა უნდა, ყველაფერზე იქნება პასუხი. ეს უნდა გადავიდეს ნამდვილად კონსტრუქციულ რეჟიმში და სწორედ ასეთი ფორმა იქნა შეთავაზებული მინისტრის მხრიდან, რასაც დევნილები დასთანხმდნენ“, – განაცხადა გიგა გიორგაძემ.

ამასთან, როგორც ერთ-ერთმა დევნილმა, ფიქრია ცალანმა განაცხადა, 27 წელია, კუთვნილი ბინების მიღებას ელოდებიან.

„დღემდე არ შესრულებულა დაპირებები. გვინდა, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. დღეს მინისტრს შევხვდებით. გვინდა გარანტი, როგორც 27 წელი ვრჩებოდით მოტყუებული, ისე არ დავრჩეთ. მანამდე ვალდებული არიან, გადაუხადონ იმ ადამიანებს ქირები, რომლებიც ფაქტობრივად, ქუჩაში იმყოფებიან. ეს არის ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა“, – განაცხადა ფიქრია ცალანმა.