ივერი მელაშვილი – ჩემი მტკიცებულება არის მასალები, რაც დადებულია, შეთანხმების ოქმები, ეს მხოლოდ ჩემი და ნატალიასი არ არის, ეს არის ჩვენი მხარის მიდგომა
ჩემი სტრატეგია და მტკიცებულებები არის ის, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არსებობს. ქვეყნის საზიანო ქმედება არასდროს მქონია, რა ბრალსაც პროკურატურა გვდებს თითქოს, 34 მეათედი კვ.კმ გადავეცით, ტყუილია. არაფერი ამდაგვარი არ მომხდარა. ჩემი მტკიცებულება არის სიმართლე, არის ის მასალები, რაც დადებულია, შეთანხმების ოქმები და ის, რასაც ვეფუძნებოდით ქართული მხარე, ეს მხოლოდ ჩემი და ნატალიასი არ არის, ეს არის ჩვენი მხარის მიდგომა, – ამის შესახებ ივერი მელაშვილმა დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, რა განსხვავებაა დავით ხიდაშელის მიერ მოწოდებულ და მის ხელთ არსებულ რუკას შორის, მელაშვილი აცხადებს, რომ „ადამიანების რაღაც ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი, მათ შორის, აღნიშნულ რუკებთან დაკავშირებით, თუმცა ამ რუკის ექსპერტიზა არ გაუკეთებია“.
„თვითონ რუკა, როგორც ასეთი, არაფერს ნიშნავს, თუ რაღაცას არ ემყარება. უნდა ეთანხმებოდეს რაღაც დადგენილებას, საბუთს. ელემენტარულად, სხვა რუკას უნდა შეესაბამებოდეს, მტკიცებულებად რომ მოგაქვს. ეს არის 200 ათასიანი მასშტაბის რუკა, იმიტომ ვთქვით თავის დროზე მის გამოყენებაზე უარი, რომ ეს არის ერთი დიდი შეცდომა. ანუ, რუკას აქვს ძალიან დიდი ტექნიკური ხასიათის წუნი. გარდა ამისა, სამართლებრივი თვალსაზრისითაც შეუსაბამოა, შეიძლება, ეგ რუკა განხილული იყოს 1929 წელს, ამ წელს მოხდა საზღვრის დამტკიცება და მოხდა კიდევ 1938 წელს. ეს რუკა არის პერიოდის, რომელიც შედის 1929 წლის სამართლებრივ ველში და 1929 წელს არის საზღვრის აღწერა დამტკიცებული, სადაც ქაღალდზე წერია ამ წერტილიდან იმ წერტილამდე როგორ გადის საზღვრის ხაზი. ეს აღწერა უფრო აზერბაიჯანის მხარის არგუმენტებს ამყარებს. შესაბამისად, ეს რუკა შეიძლება განვიხილოთ ამ კონტექსტში“, – განაცხადა მელაშვილმა.
რაც შეეხება ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საპატიმროდან გათავისუფლების საკითხს და აღნიშნულის პოლიტიკურ კონტექსტს, მელაშვილი აცხადებს, რომ მას არ სურს, საფუძველი გახდეს განცხადებების, რომ მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, ვინმე პარლამენტში უნდა შევიდეს.
„მე არ მინდა, თქვან, რადგან მელაშვილი გამოუშვეს ციხიდან, ელისაშვილი იქნება თუ სხვა, მოდი თავისუფლად შევალ პარლამენტში. არ მინდა მსგავსი განცხადების საფუძველი გავხდე. ამას მირჩევნია, უკან წავიდე ციხეში. ეს რა პრობლემაა. არავინ არ მინდა ეს გამოიყენოს. ჩაითვალოს დამსახურებად ვისაც უნდა ჩემი და ნატალიას გამოსვლა, მხარდაჭერისათვის ყველას მადლობა, მაგრამ ვიღაცამ აქცენტი რომ გააკეთოს, რაკი ის გამოუშვეს, ამიტომ პარლამენტში შევალო, ეს ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის“, – განაცხადა მელაშვილმა.