ივანე მაჭავარიანი - საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მდგრადი, ტარიფებთან დაკავშირებით ცვლილება ამას ემსახურება
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მდგრადი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობის პროცესში ფინანსთა მინისტრის მოადგილეც იყო ჩართული.
„მთავარი მიზანი ეკონომია კი არ არის, მთავარი მიზანი არის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა. მან უნდა გაუძლოს მრავალ წელს მომავალში ისე, რომ არ მოხდეს არც ხარისხის ვარდნა და არც შეფერხებები გადახდების საკითხში, რაც შიგადაშიგ გვაქვს ხოლმე. ზოგ შემთხვევაში ჩამორჩენაა კლინიკების მიმართ ანაზღაურების ნაწილში. ამიტომ ეს სისტემა უნდა იყოს მდგრადი. მოთხოვნა იზრდება ამ სერვისზე, შესაბამისად, აქ უნდა შემოვიტანოთ ისეთი კომპონენტები და ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად მოვიცვათ დაფარვა, ვისაც ერგება აღნიშნული სერვისი, ხარისხი შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ კიდეც, მაგრამ ეს იყოს ფისკალურად მდგრადი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით ცვლილება ამას ემსახურება. ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ პროექტი წარმატებით წარიმართება.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები.
„ვერ დაგეთანხმებით, რომ მინისტრი არ საუბრობს დარგთან. მგონია, რომ მას ჰქონდა კონსულტაციები და ექნება კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დარგში და სექტორში ყველა მოთამაშის სურვილების გათვალისწინება მოხდება. შეიძლება, ნაწილობრივ მოხდეს მათი გათვალისწინება. დარგს ყოველთვის მეტი უნდა, მოთამაშე სუბიექტებს ყოველთვის მეტი უნდათ, მაგრამ უნდა იყოს მდგრადი და ეკონომიკურად გამართული მოდელი“, – განაცხდა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ცვლილება აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და თუ რამე საჭიროებს დახვეწას, ეს ეტაპობრივად, პროცესში დაიხვეწება.