ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ ვიდეოკონფერენციას დაესწრო
ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ ვიდეოკონფერენციას დაესწრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შემავალი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჯორჯინა ბეიქერმა, ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა კოენ დევიდსმა.

შეხვედრა ვიდოკონფერენციის ფორმატში შედგა და მას აღნიშნულ რეგიონში შემავალი 13 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და მსოფლიო ბანკის მმართველი დაესწრო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკაში არსებული გამოწვევები, ასევე როგორი შეიძლება იყოს საერთაშირისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის როლი, როგორც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ისე ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესში.

უწყების ცნობით, საქართველოზე საუბრისას, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

სიტყვით გამოსვლისას, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებულ ვითარებაზე, პანდემიის დაწყებიდან, ვირუსის გავრცელების შეკავების მიმართულებით გადადგმულ ეფექტურ ღონისძიებებზე, ხაზი გაუსვა რა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად, 5 პროცენტის ფარგლებში იზრდებოდა, თუმცა მას შემდეგ მოჰყვა 2020 წელი – პანდემიის წელი. „კოვიდ-19“-მა სტრესის ქვეშ დააყენა როგორც გლობალური ჯანდაცვა, ისე სოციალური და ეკონომიკური სისტემები. შოკის სიმძლავრე იმდენად დიდია, რომ მტკიცე საგარეო ჩართულობის გარეშე, მისი დაძლევა შეუძლებელია, განსაკუთრებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა იყო ძალიან დროული და არსებითი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკმა საქართველოში 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის ინიცირება მოახდინა.

„ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა. პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოციალური მხარდაჭერის სრულყოფაში. ასევე, ხაზგასასმელია ბანკის დახმარება ჯანდაცვას სფეროში, რამაც საშუალება მოგვცა, დროულად გვქონოდა წვდომა ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელ აღჭურვილობაზე“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის აუცილებელ ერთობლივ ძალისხმევას.

„ის შედეგები, რომელიც აისახა ეკონომიკაზე, იქნება გრძელვადიანი. „კოვიდის“ შემდგომი ეკონომიკები არ იქნება ისეთივე, როგორიც იყო „კოვიდის“ წინა პერიოდში, რაც მოითხოვს შესაბამისი ქმედებების განხორციელებას ეკონომიკის აღსადგენად. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ გვესაჭიროება განუწყვეტელი მუშაობა იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.