ივანე მაჭავარიანი - მოქალაქეებს 2020 წლიდან შესაძლებლობა ექნებათ, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში ახალი პლატფორმის მეშვეობით ჩაერთონ
ივანე მაჭავარიანი - მოქალაქეებს 2020 წლიდან შესაძლებლობა ექნებათ, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში ახალი პლატფორმის მეშვეობით ჩაერთონ

ბიუჯეტის გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის შეფასებით, ღიაობის ინდექსით საქართველო 82 ქულით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა და ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ შვედეთსა და ნორვეგიას თუ ჩამორჩება.

„ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი აფასებს საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპის გამჭვირვალობასა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობას. აღნიშნული ინდექსი მსოფლიო ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით, ორ წელიწადში ერთხელ ახლდება. ასევე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით შემუშავდა ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს 2020 წლის იანვრიდან შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე და საკუთარი აზრი გამოხატონ ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ თითოეული უწყებისა თუ პრიორიტეტის დაფინანსების განსაზღვრაში.

„როდესაც გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ამის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია ფისკალური რისკების ანალიზი და მართვა. ამ მიზნით ჩვენ ყოველწლიურად, ბიუჯეტთან ერთად, პარლამენტს წარვუდგენთ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტი, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს. დოკუმენტში დეტალურად არის გაანალიზებული პრაქტიკულად ყველა სახის რისკფაქტორი, რომელიც შესაძლოა, ფისკალურ სექტორს გააჩნდეს: მაკროეკონომიკური რისკები, სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მდგრადობა, საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან მომდინარე რისკები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.