ივანე მაჭავარიანი - კანაფის ბიზნესის ხიბლი ის არის, რომ არ აქვს მონოპოლიზაციის ბუნება, როგორც ვიცი, 150-მდე ლიცენზიის გაცემა იგეგმება
ივანე მაჭავარიანი - კანაფის ბიზნესის ხიბლი ის არის, რომ არ აქვს მონოპოლიზაციის ბუნება, როგორც ვიცი, 150-მდე ლიცენზიის გაცემა იგეგმება

კანაფის კონტროლის სააგენტოს მუშაობა აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ლიცენზიების გაცემის პროცესი გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ნახოს, ვინ და რა ფასად იღებს ლიცენზიას.

„სააგენტო დაარეგულირებს, სად უნდა მოხდეს მოყვანა, მიწის შერჩევა, რა ჯიში უნდა მოიყვანონ, რა რაოდენობა, კვოტებიც კი შედის მათი რეგულაციის ფარგლებში. ამ სააგენტოს მუშაობა იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩვენ ყველას, თქვენ, პირველ რიგში ჟურნალისტებს, გექნებათ შანსი, ნახოთ, ვინ იღებს ლიცენზიას და რა ფასად. როგორც ვიცი, იგეგმება 150-მდე ლიცენზია. ზუსტად ამ ბიზნესის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ამას არა აქვს მონოპოლიზაციის ბუნება. ეს შეიძლება გადანაწილდეს ბევრ საშუალო და ზოგ შემთხვევაში, მცირე ბიზნესის წარმომადგენელზეც, ეს ჩვეულებრივად სოფლის მეურნეობის, ფერმერული ეკონომიკური შინაარსის მქონე ბიზნესია, აქედან გამომდინარე, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. არანაირი სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ვიღაც იკეთებს თავისთვის, ან რაღაცა ჯგუფი დგას ამის უკან, ეს აბსურდია.

მე ჩართული ვიყავი ამ პროცესში, ზუსტად ვიცი, როგორ წარიმართება და რა რეგულაციების ქვეშ მოექცევა, შესაბამისად, წინასწარ სპეკულაციებს აზრი არ აქვს. ვურჩევდი ყველას, დაელოდონ და მხარი დაუჭირონ ამ კანონს. ვნახოთ რეალობაში როგორ ხორციელდება და ვნახავთ, ზუსტად რა იქნება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ კანაფის რეალიზაცია არ მოხდეს ქვეყნის შიგნით.

„შესაბამისი უწყებები, იქნებიან ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოები, უზრუნველყოფენ, რომ მისი რეალიზაცია არ მოხდეს ქვეყნის შიგნით და მკაცრი კონტროლი იქნება როგორც მოყვანაზე, ისე შენახვაზე, ისე გადაადგილებასა და ექსპორტზე“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.