ივანე მაჭავარიანი - ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მობილიზებული იქნება 700 მლნ ლარამდე, რაც ნიშნავს 175 კილომეტრ საერთაშორისო სტანდარტების გზას
ივანე მაჭავარიანი - ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მობილიზებული იქნება 700 მლნ ლარამდე, რაც ნიშნავს 175 კილომეტრ საერთაშორისო სტანდარტების გზას

ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მობილიზებული იქნება 700 მლნ ლარამდე, რაც ნიშნავს 175 კილომეტრ საერთაშორისო სტანდარტების გზას, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის ეკონომიკური ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა მუნიციპალური პროექტების მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ ფინანსურ რესურსებზე.

„მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე, პრიორიტეტად რჩება, აქაც ლომის წილი თბილისზე მოდის და მომავალ წელს განახლებული ავტობუსები გვეყოლება. დევნილები რჩება ჩვენს პრიორიტეტად, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. იქნება ეს სოფლებში ბინის შეძენა თუ სხვა დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ამისთვის ნაგულისხმევია, ჯამში, 112 მილიონი. მინდა გითხრათ, რომ სხვა ყველა ტიპის ადგილობრივი მუნიციპალური პროექტები, რომლებიც დღეს ასე დინამიურად ვითარდება, ასეთივე მაღალი ტემპით გაგრძელდება“, -განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მან ასევე ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივებზეც.

„ეს გახლავთ ის ცნობილი პროექტები, როგორებიცაა: „აწარმოე საქართველო“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და ა.შ. თუმცა, აქაც გვაქვს სიახლეები, გამოვდივართ მიკროგრანტების გაზრდის ინიციატივით 15 მლნ-მდე და ასევე სტარტაპებისა და ინოვაციებისთვის დარეზერვდება 22 მლნ ლარამდე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.