ივანე მაჭავარიანი - ადამიანს, მათ შორის ოპოზიციას, პროტესტი რომ უჩნდება, ლეგიტიმურია, მაგრამ როგორც ამჟღავნებს ამას, ის არ არის ლეგიტიმური
ივანე მაჭავარიანი - ადამიანს, მათ შორის ოპოზიციას, პროტესტი რომ უჩნდება, ლეგიტიმურია, მაგრამ როგორც ამჟღავნებს ამას, ის არ არის ლეგიტიმური

არანაირი კანონდარღვევა არცერთ შემთხვევაში არ არის დასაშვები, – ამის შესახებ აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას კანონი არ დაურღვევია და ეს საკითხი ხელისუფლების მხრიდან ჩარჩოებიდან არ გასულა.

„თუ საუბარია იმაზე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა ვერ შესრულდა, ეს არც არავის დაუმალავს. დეპუტატების ნაწილმა საერთოდ დატოვა უმრავლესობა, მეორე ნაწილმა გულისტკივილი გამოთქვა. ვიღაცას, ალბათ, გაუხარდა კიდეც, მაგრამ არც ერთი შემთხვევაში კონსტიტუციისა და კანონის დარღვევასთან კავშირი არ გვაქვს. საკუთრივ იმაზე საუბარი, რომელი საარჩევნო მოდელი სჯობს, ვფიქრობ, საერთოდ აბსურდულია. ვინც ამ მოდელს ითხოვს, ისინიც კი ხვდებიან, რომ ეს არ არის მდგრადი და სწორი, ისინიც კი ხვდებიან, რომ ეს არ არის ყველაზე ეფექტიანი და საუკეთესო მმართველობისთვის, თუმცა ეს იყო პოლიტიკური კონსენსუსის მიზნით და სიტუაციის განმუხტვის კუთხით გაკეთებული“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი შეფასებით, თუ საზოგადოების დაკვეთა არის პროპორციული სისტემა და მათ  იმედი გაუცრუვდათ, ეს საარჩევნო ყუთებთან აისახება.

„კანონის დარღვევა, პიკეტირება არანაირი ნორმის ფარგლებში არ ჯდება. პროტესტი რომ უჩნდება ადამიანს და მათ შორის ოპოზიციას, ლეგიტიმურია, მაგრამ როგორც ამჟღავნებს ამას, ის არ არის ლეგიტიმური. ეს უნდა განვასხვავოთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კითხვაზე, აქციაზე შეშის მიტანა არის თუ არა დარღვევა, მინისტრი პასუხობს, რომ აქციაზე გასათბობად თუ ალტერნატივა იყო შეთავაზებული, მაშინ შეშა, სავარაუდოდ,  სხვა რამისთვის იყო გამიზნული.

„ტექნიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ, თუ გამათბობლის შეტანა არის შესაძლებელი, თუ შეიძლება, დენი მიაწოდო, შეშა გასათბობად კი არა, რაღაც სხვა რამის გამო არის. შეშაზე უკეთესი ალტერნატივა თუ იყო შეთავაზებული, თავისთავად, შეშა არის საბაბად გამოყენებული“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.