ივანე ჩხაიძე - გამოჯანმრთელებულთა ციფრიც მაღალია, რაც „ომიკრონის“ ხანმოკლე მიმდინარეობითაა განპირობებული, შესაძლოა, ამან აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობისგან გარკვეულწილად გადაგვარჩინოს
ივანე ჩხაიძე - გამოჯანმრთელებულთა ციფრიც მაღალია, რაც „ომიკრონის“ ხანმოკლე მიმდინარეობითაა განპირობებული, შესაძლოა, ამან აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობისგან გარკვეულწილად გადაგვარჩინოს

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, პირველად ჯანდაცვას საკმაო რაოდენობის ინფიცირებულთა მართვა შეუძლია, თუმცა ახალი შემთხვევების რადიკალურად ზრდა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

ივანე ჩხაიძის თქმით, ინფიცირების შემთხვევების ეტაპობრივი მატება მომდევნო დღეების განმავლობაშიც თუ შენარჩუნდება, პრობლემები ნაკლები იქნება, თუმცა წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია.

„პირველადი ჯანდაცვა თუ მზად არის 6 000, 7 000 და 8 000 ადამიანის მომსახურებისთვის, კონსულტირებისთვის და კონტაქტისთვის, ეს ციფრი თუ იქნება ორჯერ და სამჯერ მეტი, არა 6 000, როგორც ჩვენ ადრე პიკზე გვქონდა, არამედ 30 000, მაშინ არ მგონია, რომელიმე ქვეყნის ჯანდაცვამ ასეთ ზეზღურბლოვან დატვირთვას გაუძლოს. ჯერჯერობით გაუმკლავდება და პირველადი ჯანდაცვის შესაძლებლობა თვლადია, უფრო მატების შემთხვევაში, შესაძლებელია, 10 000, 12 000 ინფიცირებული ადამიანის კონსულტირება, მეთვალყურეობა და მართვა მოხერხდეს, მაგრამ თუ ეს ციფრი 15-20 000 იქნება, არც ერთ ქვეყანას არ აქვს რესურსი, რომ ასეთი რადიკალურად მზარდი ინფიცირების შემთხვევაში არ დარჩეს ვინმე ყურადღების გარეშე. ჯერჯერობით პრობლემები არ იქმნება. მომდევნო დღეების განმავლობაშიც თუ თანდათანობითი მატება იქნება შენარჩუნებული, პრობლემები ნაკლები იქნება, მაგრამ ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება. თუ პიკური მაჩვენებელი იქნება 12-15 000, ამის მეტ-ნაკლებად მართვა შესაძლებელია, მაგრამ უფრო დიდი ციფრის შემთხვევაში, უკვე ძალიან რთული იქნება, პირველად ჯანდაცვას მოსთხოვო ყველა პაციენტის, ყველა ინფიცირებულის ყურადღება და მეთვალყურეობა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამავდროულად, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ მაღალია გამოჯანმრთელებულთა ციფრიც, რის გამოც შესაძლოა, აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობა არ დაგროვდეს.

„ერთი, რაც გარკვეულწილად კარგია, თუ დდღევანდელ ციფრს დავაკვირდებით, 8 000 გამოჯანმრთელებული გვყავს. ანუ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც მაღალია, რაც განპირობებულია სწორედ „ომიკრონის“ ხანმოკლე მიმდინარეობით. ამიტომ, შესაძლებელია, ამან გარკვეულწილად გადაგვარჩინოს და არ მივიღოთ აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანას 60-80 000 აქტიური შემთხვევის მართვა შეუძლია. ივანე ჩხაიძის განმარტებით, მეოთხე ტალღის პიკზე ქვეყანამ მოახერხა 60 000 ინფიცირებულის მართვა გადატვირთვისა და პაციენტის უყურადღებოდ დატოვების გარეშე.

„საქართველოში 20 აგვისტოს გვქონდა ყველაზე მეტი რაოდენობის აქტიური შემთხვევა. ეს იყო მეოთხე ტალღის პიკზე და მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ მოვახერხეთ 60 000 ადამიანის მართვა გადატვირთვის და პაციენტის უყურადღებოდ დატოვების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დაგვჭირდა საველე ჰოსპიტლის ამოქმედება, ბინაზე არ დარჩენილა არც ერთი ისეთი პაციენტი, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია. დღეს აქტიური შემთხვევების რაოდენობა ცოტათი ნაკლებია,ზრდადია, მაგრამ ნაკლებია. ანუ, 60-80 000 აქტიური შემთხვევის მართვა ქვეყანას შეუძლია, მაგრამ შემდეგ ნამდვილად იქნება რთული. არ მინდა, ვინმეს შეექმნას ილუზია, რომ საქართველოს არ შეექმნება პრობლემები და რაც არ უნდა ციფრი იყოს, ყოველთვის მოვახერხებთ ამ პაციენტებისთვის სათანადო ყურადღების გამოჩენას. ასე რომ, რისკები არსებობს, საფრთხე არებობს, რაც საკმაოდ რეალურია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.