ივანე ჩხაიძე - ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციისას ერთდღიან ტექნიკურ დაბრკოლებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ
ივანე ჩხაიძე - ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციისას ერთდღიან ტექნიკურ დაბრკოლებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ

ზეგ ხდება ორი თვე, რაც საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. სამოცი დღის განმავლობაში ერთი დღე იყო ტექნიკური ხარვეზებით. ერთი დღის ანალიზით და მაგალითით ნუ განვსაზღვრავთ, რომ პროცესი ტექნიკური ხარვეზებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს სისტემა კარგად მუშაობს და ერთდღიან ტექნიკურ დაბრკოლებაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ერთი დღის ხარვეზი ნამდვილად არ გახლავთ ისეთი, რომელმაც შესაძლოა, 59 დღის წარმატებული მუშაობა გადაფაროს. დიახ, ნამდვილად იყო ტექნიკური ხარვეზი, არავის უთქვამს რომ არ იყო. ეს არის სუფთა ტექნიკური ხარვეზი გამოწვეული გადატვირთვით. ფაქტია, რომ ხანმოკლე ხარვეზია, დღეს სისტემა მუშაობს კარგად. ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ერთდღიან ტექნიკურ დაბრკოლებაში. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკვე აღმოფხვრილია. ამან ნამდვილად არ უნდა შებღალოს ის დიდი პლუსი, რაც არის საქართველოში, ძალიან გამარტივებულია რეგისტრაციის პროცესი. ვისაც ერთხელ მაინც გიცდიათ დარეგისტრირება, ნახავთ, რომ ამას სჭირდება არასრული ერთი წუთი. ასეთი კარგად აწყობილი და მომხმარებელზე მორგებული სისტემა ჯანდაცვაში ძალიან ცოტა მინახავს.

შეფერხებამდეც იყო გართულებული თბილისში რეგისტრაცია. კარგა ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც დაიწყო „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი, გადაიტვირთა თბილისის დაწესებულება, არა მარტო თბილისის, არამედ თბილისის გარშემო დიდ ქალაქებშიც. ვერც რუსთავში, მცხეთაში ვერ ნახავდით თავისუფალ ადგილს. ასე რომ, ტექნიკური ხარვეზი არ არის იმის მიზეზი, რომ ადამიანი იძულებული იყო, წასულიყო სხვაგან. სხვა პრობლემაა. არის რეგიონები, სადაც ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, შესაბამისად, იქ ბევრი ადგილი რჩება გამოუყენებელი, რითაც ისარგებლეს ადამიანებმა და ჩავიდნენ, იქ აიცრნენ. ამაში რა თქმა უნდა, დისკომფორტია, მაგრამ ნამდვილად ღირს ეს დისკომფორტი ვაქცინის გაკეთებად“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.