ივანე ჩხაიძე - არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს
ივანე ჩხაიძე - არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს

არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს, – ამის შესახებ პედიატრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

„დღევანდელი რეალობიდან, მონაცემებიდან და ექსპერიმენტული კვლევებიდან გამომდინარე, არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს“, – განაცხადა პროფესორმა.

მისი თქმით, ცხოველი შეიძლება, დასნებოვნდეს ახალი კორონავირუსით, მაგრამ დასნებოვნებული ცხოველი ადამიანისთვის რისკს არ წარმოადგენს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ატლანტის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დასკვნა, რომელიც დღეს არსებობს, პირდაპირ მიუთითებს, რომ პირიქით, ადამიანები არიან ცხოველისთვის საშიში და კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით შინაური ცხოველები რისკს არ წარმოადგენენ. ასე რომ, არათუ ბავშვს შეიძლება, გადაედოს შინაური ცხოველისგან, პირიქით, შინაური ცხოველი განიხილება, როგორც რისკის მქონე, თუ ოჯახში კორონავირუსით დაავადებული თუნდაც, ერთი ადამიანია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ადამიანებს, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობა აკისრიათ,  გაუფრთხილდნენ მათ და ეცადონ, შინაური ცხოველები კორონავირუსით არ დასნებოვდნენ.

ასევე, პედიატრმა განაცხადა, რომ მოულოდნელი არ იქნება, თუ კორონავირუსის დროს განვითარებული მძიმე, ორმხრივი პნევმონია გარკვეულ კვალს დატოვებს.

„ეს მოგვიანებით შეიძლება, იყოს ერთი წელი და შეიძლება, ხუთი-ექვსი წელი. ამის შესახებ არავინ იცის, მაგრამ რისკი ნამდვილად არსებობს, ვინაიდან ფილტვის დაზიანება, რომელსაც კორონავირუსი იწვევს, განსხვავდება სტანდარტული, თუნდაც, გრიპის ვირუსით გამოწვეული დაზიანებისგან. მექანიზმები სრულიად განსხვავებულია, გაცილებით მძიმე და აგრესიული. დაკვირვებამ ფილტვის ფუნქციების შემცირება აჩვენა პაციენტებში, რომლებმაც მძიმე პნევმონია გადაიტანეს და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდნენ, ასე რომ, თეორიულად, ამის შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.