ივა ჭყონია - სექტემბერში ფასების გაძვირების კიდევ ერთ ტალღას ველოდებით
სექტემბერში ფასების გაძვირების კიდევ ერთ ტალღას ველოდებით, – აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია. მისი თქმით, ამის მიზეზი ლარის მცურავი კურსია, რომელიც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მხოლოდ ზემოთ ცურავს.
„ეროვნული ბანკი არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს, თუნდაც იგივე ინფლაციასთან დაკავშირებით, რომ ის არის იმ მაჩვენებელზე, რომ ჩარევას არ საჭიროებს. რას ნიშნავს ეს, მარტივად რომ დავთვალოთ, როდესაც ბიუჯეტი დათვლილია 2.63 კურსზე, მაქსიმალური კურსი, რომელიც შეიძლება ბიზნესმა აიღოს, ეს არის 2.70. დღეს ერთი დოლარის ღირებულება არის სამი ლარი. როგორ წარმოგიდგენიათ, ინფლაცია როგორ შეიძლება იყოს მინიმალურ მაჩვენებელზე, რომელსაც გაუძლებს რომელიმე ბიზნესი.
რამდენიმე ტალღა უკვე იყო ფასების გაძვირების და სექტემბერში კიდევ ერთ ტალღას ველოდებით, რა თქმა უნდა, თუ ეს ნიშნული შენარჩუნდა. სავარაუდოდ, ეს ნიშნული შენარჩუნებული იქნება, რადგანაც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არ გვახსოვს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე თვეს, რომ ლარი ქვემოთ ჩამოსულიყოს და შემდეგ ისევ ზემოთ ასულიყოს. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ლარის მცურავი კურსი ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ ცურვას. ეს რა ნეგატიურად აისახება.
არაკომპეტენტური განცხადებები, ქილიკით გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ავნებს და მეტ პანიკას თესავს“, – აცხადებს ივა ჭყონია.
მისი თქმით, უნდა იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულ ბანკთან ერთად.
„სხვა შემთხვევაში, ლარის კურსის საკითხი გაგრძელდება მარადიულად, რაც სავალალოდ აისახება მოსახლეობაზეც. მოსახლეობას ხელფასი არ ემატება, სამომხმარებლო კალათა იზრდება, ვისაც დოლარში აქვს სესხი, განსაკუთრებით ბიზნესს, ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწევს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ რიგმა კომპანიებმა უბრალოდ ოპერირება შეწყვიტონ.
არა მარტო იმპორტირებული საქონელი გაძვირდება, არამედ ადგილობრივ წარმოებულ საქონელზე მოხდება ფასების მატება, რადგან ადგილობრივ წარმოებას სჭირდება იმპორტირებული ნედლეული, ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებლით. ამის გამო, იმპორტირებული პროდუქცია უფრო სწრაფად გაძვირდება, რასაც ადგილობრივი წარმოებული პროდუქციაც მიყვება“, – აცხადებს ივა ჭყონია.