„იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ იგუაინის გოლით დაამარცხა 
„იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ იგუაინის გოლით დაამარცხა 

იტალიის სერია A-ს მე-15 ტური სუპერმატჩით გაიხსნა – ჩემპიონატის ლიდერი და დაუმარცხებელი “ნაპოლი” შინ იღებდა მოქმედ ჩემპიონს “იუვენტუსს” და მოგების შემთხვევაში, შეეძლო შვიდ ქულამდე გაეზარდა სხვაობა ალეგრის გუნდთან. მაგრამ ტურინელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და დაბრუნდნენ საჩემპიონო ბრძოლაში.

სტატისტიკურად “ნაპოლის” საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა მატჩში – ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმები:13-6, ზუსტი დარტყმები: 5-3, კუთხურები: 5-2. მაგრამ, “ნაპოლის” ყოფილი ფორვარდის გონსალო იგუაინის მიერ მე-13 წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი იყო და “იუვენტუსმა” 1:0 მოიგო.

შეწყდა “ნაპოლის” 26-მატჩიანი წაუგებელი სერია იტალიის ჩემპიონატში. ამ გუნდის ბოლო მარცხი 2017 წლის 25 თებერვლით თარიღდებოდა. ნეაპოლელები დარჩნენ ცხრილში პირველ ადგილზე, მაგრამ მათ “იუვენტუსი” მიუახლოვდა ერთი ქულის მანძილზე. გარდა ამისა, თუ კვირას “ინტერი” შინ “კიევოს” დაამარცხებს, სერია A-ს ახალი ლიდერი გახდება.