„იუვენტუსმა“ ისევ დაკარგა ქულები, კიეზამ სადებიუტო მატჩში წითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)
„იუვენტუსმა“ ისევ დაკარგა ქულები, კიეზამ სადებიუტო მატჩში წითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონმა ტურინის „იუვენტუსმა“ ამ სეზონში მეორედ დაკარგა ქულები. სერია A-ს მეოთხე ტურში ანდრეა პირლოს გუნდმა სტუმრად 1:1 ითამაშა „კროტონეს“ წინააღმდეგ.

მე-12 წუთზე ნიგერიელმა სიმეონ ნვანკვომ გახსნა ანგარიში პენალტით. „კროტონე“ მხოლოდ ცხრა წუთი ლიდერობდა, რის შემდეგაც „იუვენტუსში“ დაბრუნებიდან პირველი გოლი გაიტანა ალვარო მორატამ. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მე-60 წუთიდან „იუვენტუსი“ 10 კაცით თამაშობდა, რადგან წითელი ბარათი მიიღო ფედერიკო კიეზამ, რომელიც სადებიუტო მატჩს ატარებდა ჩემპიონის რიგებში.

„იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ჯანლუიჯი ბუფონი. 42 წლის იტალიელი მეკარე პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც სერია A-ში 650 მატჩი დაუგროვდა.

საინტერესო ფაქტია – „იუვენტუსის“ სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, რომლებიც ჯერ დაბადებულნიც არ ყოფილან, როცა ბუფონს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა.

„იუვენტუსს“ ოთხი ტურის შემდეგ რვა ქულა აქვს.