„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში მეორედ დაკარგა ქულები. სერია A-ს ლიდერი მე-18 ტურში სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდა. პირველად წლევანდელ სეზონში, „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო მატჩი.
მეორე წუთზე ტურინელები „ატალანტას“ მცველის ბერატ ჯიმსიტის ავტოგოლით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში – 24-ე წუთზე დუვან საპატამ გამოიჩინა თავი.
53-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა „იუვენტუსის“ ნახევარმცველს როდრიგო ბენტანკურს. ტურინელები უმცირესობაში დარჩნენ და სამ წუთში საპატამ დუბლი გაიფორმა.
„იუვენტუსი“ სეზონში პირველ მარცხს შეცვლაზე შესულმა კრიშტიანუ რონალდუმ გადაარჩინა, რომელმაც 78-ე წუთზე სეზონში მე-12 გოლი გაიტანა.
„იუვენტუსმა“ 50 ქულა დააგროვა და ცხრა ქულით უსწრებს „ნაპოლის“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს.