ტურინის „იუვენტუსი“ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას მეკარე ჯანლუიჯი ბუფონთან, ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
როგორც მან გაარკვია, იტალიის ჩემპიონი მუშაობს 43 წლის ფეხბურთელის ახალ ხელშეკრულებაზე, რომლის ხანგრძლივობა ერთი წელი იქნება. ბუფონს სურს სერია A-ში 44 წლამდე ითამაშოს და გააუმჯობესოს მარკო ბალოტას რეკორდი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ბოლო მატჩი 2008 წელს 44 წლისა და 38 დღის ასაკში ჩაატარა.
ბუფონმა სერია A-ში 654 მატჩი ჩაატარა, რაც იტალიის ჩემპიონატის რეკორდია. მას დებიუტი ლიგაში 1995 წელს ჰქონდა.