იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიკა მელიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიკა მელიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და პროცესის შემდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.

12 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართა. სხდომას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სასამართლო სხდომაზე ცალკეული პოლიტიკოსები მოსამართლის მისამართით არაეთიკურ გამონათქვამებს არ მოერიდნენ და მცდელობა ჰქონდათ, ვითარება სამართლებრივი ჩარჩოდან გასულიყო. მოსამართლის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, აბსურდულ ბრალდებებსა და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.

გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს წლების წინ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პირი ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლა. მსგავსი შინაარსის საქმეზე ნუნუ ნემსიწვერიძეს განაჩენი არ დაუდგენია.

შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ნებისმიერი მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, საქმის განხილვისას ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. შესაბამისად, მიუღებელია მოსამართლის გადაწყვეტილების დაკავშირება პოლიტიკურ მოტივებთან მხოლოდ იმიტომ, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტებს არ დაეთანხმა პროცესის მონაწილე მხარე.

დაუშვებელია სასამართლო სისტემასა და მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მათზე მუქარით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და შეურაცხმყოფელი, არაეთიკური გამონათქვამებით, რაც მიზნად ისახავს სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობით მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას“, – აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.