იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებს. კონკურსში მონაწილეობის საშუაება ნებისმიერ ადამიანს აქვს, ვისაც აქვს სურვილი, გახდეს მოსამართლე და რომელიც კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მათ შორის იუსტიციის სკოლადამთავრებულს, სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფს ან მოქმედ მოსამართლეს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის გაურკვეველია, რატომ დაიწყო საბჭომ საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობა მაშინ, როდესაც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს.

მისივე თქმით, წერილის გავრცელების შემდეგ არაფერი შეცვლილა და ამიტომ გაუგებარია, რატომ არის მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგით გათვალისწინებული. საბჭოს არამოსამართლე წევრი იმედოვნებს, რომ სხდომაზე საკითხის ინიცირებისას დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მოსამართლეთა კონკურსის საორგანიზაციო საკითხებს. იუსტიციის საბჭოს დიდი ხანია აქვს ინფორმაცია, სასამართლო სისტემაში 41 ვაკანსიის შესახებ. ასევე ცნობილია, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩომ გააკეთა განცხადება, რომ აუცილებელია, ჯერ შემუშავდეს სამართლებრივი ჩარჩო, რათა მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ნდობა ჰქონდეს. ამდენი ხნის განმავლობაში კონკურსი არ ცხადდებოდა ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო, თუმცა, საბჭომ გადაწყვიტა, იმსჯელოს საორგანიზაციო საკითხებზე, რათა გამოცხადდეს კონკურსი. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია არგუმენტაცია, რატომ არ ცხადდებოდა აქამდე კონკურსი, თუ დაეყრდნო საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას იუსტიციიის უმაღლესი საბჭო, ახლა რა შეიცვალა?! ყველასთვის ცნობილია, რომ სამართლებრივი კუთხით უვადოდ დანიშვნებთან დაკავშირებით ჯერ არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას მართავს​. საბჭოს წევრები დღის წესრიგით 10 საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელიც საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობას ეხება.