იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მიღებული გადაწყვეტილების კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა საბჭოს წევრებს ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ ექნებათ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მიღებული გადაწყვეტილების კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა საბჭოს წევრებს ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ ექნებათ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა საბჭოს წევრებს ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ ექნებათ.

შესაბამისი დამატებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შედის, რომლის განხილვის თემა იყო პარლამენტში დღეს საელჩოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, პროექტში დამატებით რა ცვლილებები შედის.

„გარკვეული რეგულაციები დამატებით დაზუსტდება, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას. იყო სამი ძირითადი რეკომენდაცია და პროექტში სამივე ასახულია. ერთი უკავშირდება გადაწყვეტილების დასაბუთებასა და დასაბუთების ნაწილში მნიშვნელოვანი დაზუსტებები გვაქვს, ახალი რეგულაციები. დარჩა გასაჩივრება და ეს უფლება არის სრულად უზრუნველყოფილი კანონპროექტით. მესამე საკითხი ეხება კენჭისყრის ღიაობას, უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევისას კენჭისყრა ღია იქნება, საბჭოს წევრებს ეცოდინება, თუ ვინ ვის რა ქულა მისცა და ვინ ვის მისცა ხმა. ეს არ იქნება საჯარო, მაგრამ კენჭისყრა ღია იქნება, რაც კანდიდატებს სრულფასოვანი გასაჩივრების უფლებას მისცემთ. ასევე საკვალიფიკაციო პალატას ეცოდინება ის, თუ ვინ ვისცა ხმა, ვინ როგორ შეაფასა, ამ თვალსაზრისით კენჭისყრა ღია იქნება. რაც შეეხება საჯაროობას, ამას თავისი მინუსები აქვს და ამას ვერიდებით. სისხლის სამართლებრივად იქნება დასჯადი ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის გარეთ გამოტანა. ეს კენჭისყრა ღია უნდა იყოს, მაგრამ ამ ინფორმაციის გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის, შესაბამისად, პასუხისმგებლობა საბჭოს იმ წევრებს დაეკისრებათ, ვინც გაასაჯაროებს იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო არ უნდა იყოს. საბოლოოდ, ზუსტად იმ მოდელს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.