იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ მდივან გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.

გასაუბრების დაწყების წინ, გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან  მოტივაციასა და მოლოდინზე ისაუბრა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს, მოსამართლის პოზიცია მისთვის დიდი გამოწვევაა. მისივე თქმით, კონკურენცია არის ძალიან ძლიერი და ჯანსაღი.

„რა თქმა უნდა, დადებითი განწყობა მაქვს. ჩემთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, რომელიც მქონია კარიერის განმავლობაში. ბუნებრივია სხვადასხვაგვარი მოლოდინია და ეს მოლოდინი მხოლოდ მე არ მაქვს. საზოგადოება აკვირდება პროცესს. ჩემ მიმართ მიდგომა განსხვავებულია, აშკარად და მკაფიოდ აქვთ დაფიქსირებული პოზიციები ზოგიერთ არამოსამართლე წევრებს. მიმაჩნია, რომ ამ გასაუბრების შედეგად ეს პოზიციები მათში არ შეიცვლება. ნამდვილად არ ექნება არანაირი მნიშვნელობა გასაუბრების შედეგებს და მათ ეს წინასწარ აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა გასაუბრების პროცესი, რომელზეც შევთანხმდით, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დაკვირვების საშუალება, მე მზად ვარ, ასეთი ფირმით მივიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დასაბუთებული და მყარი არგუმენტები მქონდეს აცილების სასარგებლოდ (დოლიძისა და ჯანეზაშვილის მიმართ), ვფიქრობ, არ დავაყენებ გასაუბრებას“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება კითხვას, მოიაზრებს თუ არა მიქაუტაძე საკუთარ თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, მიქაუტაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.

„არ მაქვს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული განწყობა. ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ ამას, იმიტომ, რომ ამ საკითხზე რეალურად არ მიფიქრია. ჩემი ამჟამინდელი გამოწვევა არის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობა. სწორედ ამისთვის მოვედი დღეს გასაუბრებაზე“, – განმარტა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა.