იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ ნარკოტიკებით გაჟღენთილი ტანსაცმლის მსჯავრდებულისთვის გადაცემის მცდელობის საქმეზე ორი პირი დააკავა
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ინტენსიური თანამშრომლობით და გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე, (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და 19-378’-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბ.მ. და თ.მ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს, №15 პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში თ.მ.-ის მიერ მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით, შპს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ამანათი შევიდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამანათის შემოწმება-დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ მასში განთავსებული სპორტული შარვლის ზონარი ნარკოტიკული საშუალება – „ბუპრენორფინით“ იყო გაჟღენთილი.
რაც შეეხება ბ.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ მან №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით, შპს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ ამანათში განათავსა ქურთუკი, რომლის სარჩულშიც, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ გაჟღენთილი ორი მოთეთრო ფერის ჩაკერებული ქსოვილი აღმოაჩინეს.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს და აცხადებს, რომ როგორც აქამდე, მომავალშიც მკაცრად დაიცავს კანონს და განაგრძობს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულთან ბრძოლას“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.