იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის სარესტავრაციო პროექტებსა და გაზრდილ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა
იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის სარესტავრაციო პროექტებსა და გაზრდილ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა

დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა ქუთაისის ცენტრალურ არქივში, რომელიც, პრაქტიკულად, არის უნიკალური მეთოდი დოკუმენტებთან მუშაობის. კერძოდ, ვგულისხმობ ქაღალდის საფუძვლიან დოკუმენტებს და მათ რესტავრაციას, რაც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო დაცულად შემოუნახავს ისტორიას ჩვენს მომავალ თაობებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში ეროვნული არქივის საქმიანობასა და დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ეროვნული არქივის მნიშვნელობასა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურ ხელშეწყობაზე.

რატი ბრეგაძემ ასევე ისაუბრა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძელგების – XII საუკუნის ლახამულის ოთხთავისა და XII-XIII საუკუნეების ქურაშის პალიმფსესტური სახარების რესტავრაციაზეც.

„უნდა ითქვას, რომ არქივმა ლახამულის სახარების რესტავრაცია მოახდინა და ეს უკვე დასრულდა. ასევე, ამჟამად ქურაშის ოთხთავის მიმდინარე რესტავრაციის პროცესი გვაქვს, რომელიც დაახლოებით 2024 წელს დასრულდება“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა არქივის გაზრდილ ინფრასტრუქტურაც. ბრეგაძის ინფორმაციით, 2023 წელს გორში შიდა ქართლის რეგიონული არქივის მშენებლობა დაიწყება, დასრულდება მცხეთა-მთიანეთის არქივის პროექტზე მუშაობა, რომლის მშენებლობაც 2024 წელს უნდა დაიწყოს.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.