იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის სესიაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის სესიაში მონაწილეობს

ჰააგაში მიმდინარე წლის 5-12 დეკემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) რიგით მე-17 სესია გაიმართება. ასამბლეა არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი დონის შეხვედრაა, რომელშიც  123 სახელმწიფოს დელეგაცია მონაწილეობს და  მთავარი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის, ქართველთა ეთნიკური წმენდის, აგრეთვე, ქართველი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების დროულად გამოძიების აუცილებლობა საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკის საკვანძო საკითხია. ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, თავის გამოსვლაში კვლავ ხაზს გაუსვამს ამ პრინციპს.

სესიის ფარგლებში, აგრეთვე, გაიმართება დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორთა არჩევნები. კანდიდატურაზე აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან წარდგენილია გოჩა ლორთქიფანიძე. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მისი არჩევა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული ძალისხმევის აღიარებას საქართველოს, მათ შორის, 2008 წლის ომის მსხვერპლთა, ინტერესების დაცვის საქმეში.

დირექტორთა გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შესაძლებლობა ექნება, ფონდის მხრიდან მეტი ყურადღება გამახვილდეს დაზარალებულთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებული ზიანის რეპარაციაზე.

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენლებსა და სხვა თანამდებობის პირებთან.