იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. კენჭისყრის შედეგად, კონსტიტუციურ პროექტს მხარი დაუჭირა 13-მა დეპუტატმა, მათ შორის არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ერთადერთი, ვინც კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, შალვა შავგულიძე იყო. კონსტიტუციური პროექტი განსახილველად პირველი მოსმენის რეჟიმში ხვალ პლენარულ სხდომაზე წარედგინება. სწორედ ხვალ მოხდება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაც.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის 84 დეპუტატი ჰყავს, საჭირო იქნება ოპოზიციის ხმებიც.

კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკურ მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიცია მხარს უჭერენ საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირებას. სხვაობა არის მხოლოდ გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით. არსებული რედაქციის შესაბამისად, გენერალური პროკურორის არჩევა სამ ეტაპად უნდა მოხდეს. კერძოდ, პირველი და მეორე კენჭისყრა უნდა ჩატარდეს და გენერალური პროკურორის კანდიდატს მხარი დაუჭიროს 90-მა დეპუტატმა, მესამე შემთხვევაში კი 76-მა დეპუტატმა. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ეს ნორმა არის აბსურდული, სწორედ ამიტომ მას მხარს არ დაუჭერენ. ოპოზიციას შორის გაიყო პოზიციები. ნაწილს მიაჩნია, რომ ეს წესი არ არის საჭირო იმის გამო, რომ სისტემა განვითარდეს. მეორე ნაწილის პოზიციაა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, მაგრამ, მათივე განცხადებით, გენერალური პროკურორის არჩევა წესში ცვლილების შესაბამისად არ აწყობს „ქართულ ოცნებას“.

დატოვე კომენტარი