იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა ცვლილებები, რომლითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოება იგეგმება  
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა ცვლილებები, რომლითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოება იგეგმება  

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოება იგეგმება.

ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა ცვლილებები, რომლის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ ყველა იმ დანაშაულზე გავრცელდება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის ნებისმიერი მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის ფაქტს უკავშირდება.

კანონპროექტით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ასევე გავრცელდება – „სისხლის სამართლის კოდექსის“ 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება), 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე) და 369/1 (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ დანაშაული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა მის ქვემდებარე საქმეებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის დროს.

კომიტეტს მიაჩნია, რომ ცვლილებების მიღების შედეგად სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინსტიტუციურად გაძლიერდება, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას მოემსახურება.