იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე იმსჯელა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განსახილველ სამ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში. აღნიშნული ცვლილება დეპუტატებს ერთ-ერთმა ინიციატორმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებით ზუსტდება საარჩევნო პროცედურული საკითხები, რომელიც გამოიყენება როგორც მორიგი, ასევე რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარებისას.

„ზუსტდება, ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი, ასევე განისაზღვრება, რომ მეორე ტურის ჩატარებისას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, ასევე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის წევრთა რაოდენობა შეივსება 17-მდე“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ზუსტდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე, შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა.

კომიტეტმა განიხილა ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, მოსამართლეობის კანდიდატი თუ ვერ მოაგროვებს შესაბამის ხმებს და ვერ გამწესდება თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება, სხვა ვაკანსიაზე  განიხილოს ეს კანდიდატურა.

„ცვლილებით, საბჭოს არანაკლებ სამი წევრს, კანდიდატის თანხმობით, უფლება ექნება განიხილოს ეს კანდიდატი სხვა კონკურსის ფარგლებში, სხვა თანამდებობაზე“,- განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტში შესატან არსებით ცვლილებებს შორისაა მივლინების ვადის საკითხიც. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მივლინების ვადა ორ წლამდე იზრდება.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, მოსამართლის დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების არსებულ სახეებს დაემატება ახალი დისციპლინური გადაცდომები და სახდელები, რაც უზრუნველყოფს მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებაზე უფრო მეტად პროპორციულად რეაგირებისა და დისციპლინური სახდელის უკეთ მისადაგების შესაძლებლობას, ასევე, შემცირდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები და გაიზრდება შესაბამისი სამართალწარმოების ეფექტიანობა.

სამივე კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.