იურიდიულ კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს 

13:30, 11.12.2017

პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ცვლილება დიდი ალბათობით არ შევა და პრეზიდენტს არა პარლამენტი, არამედ საარჩევნო კოლეგია აირჩევს, – ეს განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების”თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გააკეთა.

მისივე თქმით, კომისიის ფარგლებში დამატებით იყო მსჯელობა, რომ 2024 წლისათვის საქართველოს პრეზიდენტი ხომ არ აერჩია პარლამენტს და არა საარჩევნო კოლეგიას, რადგან იურიდიულად ეს უფრო სწორი მექანიზმი იქნებოდა.

“ჩვენ ალბათ პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი უფრო მეტი წარმომადგენლობით ავირჩიოთ. თავის დროზე ეს პოლიტიკური კომპრომისის შედეგი იყო. კონსულტაციები დღესაც გრძელდება, იგივე აზრზე დავრჩებით და ინიცირებული პროექტის ფარგლებში ამ ცვლილებასაც განვიხილავთ. მასში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევა, ტერმინი “ხმოსნები” საარჩევნო კოლეგიით შეიცვლება. სხვა ცვლილება სავარაუდოდ ამ ნაწილში არ შევა. მსჯელობის შედეგად გუნდში იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ჯობია კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს ირჩევს წარმომადგენლობითი იყოს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საყოველთაო განხილვების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

 

მსგავსი