იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე იქნება ორიენტირებული
იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე იქნება ორიენტირებული

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე იქნება ორიენტირებული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის კრიზისის მდგრადი მოგვარების გზების განხილვაზე“, – განაცხადა იური უშაკოვმა.

კრემლში დაადასტურეს, რომ 15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება.

„ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაზე 15 აგვისტოს, ალასკაზე. რუსეთი და აშშ ახლო მეზობლები არიან და ერთმანეთს ესაზღვრებიან. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ სწორედ ალასკაზე გაიმართოს ორი ქვეყნის ლიდერების ასეთი მნიშვნელოვანი სამიტი“, – განაცხადა იური უშაკოვმა.

ამასთან, უშაკოვის თქმით, ლიდერები აშშ-ისა და რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს განიხილავენ.

მისივე თქმით, არსებობს „ორივე მხარისთვის სასარგებლო მასშტაბური პროექტების“ დაწყების პერსპექტივა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ რუსეთის სურვილია, ტრამპი პუტინს რუსეთის ტერიტორიაზე შეხვდეს.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს მიწვევა უკვე გაუგზავნეს.