იური მეჩითოვი - ვამბობ ხოლმე, ახალ მიტინგებზე სულ ბებრები როგორ ვიკრიბებით, ახალგაზრდებში უნდობლობაა
იური მეჩითოვი - ვამბობ ხოლმე, ახალ მიტინგებზე სულ ბებრები როგორ ვიკრიბებით, ახალგაზრდებში უნდობლობაა

ვამბობ ხოლმე, ახალ მიტინგებზე სულ ბებრები როგორ ვიკრიბებით, ახალგაზრდებში უნდობლობაა​, – ამის შესახებ ფოტოხელოვანმა იური მეჩითოვმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

იური მეჩითოვმა გაიხსენა, რომ წლების წინ აქციებზე უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო, რაც აისახა კიდეც მაშინდელ მის ფოტოებში.

„ბოლო წლებში ვამბობ, ყველა ახალ მიტინგზე სულ ბებრები როგორ ვიკრიბებით – პირობითად ვამბობ ბებრებს. საკუთარ თავს არ განვიხილავ, მიუხედავად ჩემი ასაკისა. ახალგაზრდებში უფრო უნდობლობაა, როგორც მე ვატყობ. მეც მქონდა გამოკითხვა, ჩემი გამოკითხვა, რატომ არ მიდიხარ, როგორ არ მიდიხარ და ინტერესი დაკარგულია. როგორც ჩანს, ამან ყველაფერმა უკვე რაღაც დიდი უნდობლობა გამოიწვია – როცა სულ სკანდალებია და როცა პოლიტიკოსობა, როგორც პროფესია გახდა რაღაც საგინებელი და დაკავშირებულია მაიმუნობასთან, მამაძაღლობასთან. ამ ყველაფერმა დააკარგვინა ნდობა ამ პროცესისადმი. დაკარგულია ნდობა დემოკრატიულობისადმი. ერთმა ამერიკელმა პრეზიდენტმა რომ თქვა, ტყვიაზე უფრო ძლიერია ჩემი საარჩევნო ბიულეტენიო, მე ასე არ მწამს“, – აღნიშნა იური მეჩითოვმა.

მისივე თქმით, არჩევნებზე ყოველთვის მიდის, თუმცა ზოგადად, საარჩევნო სისტემისადმი აქვს უნდობლობა.

„მე თვითონ არ მწამს ამ არჩევნების, მიუხედავად იმისა, რომ ყველა არჩევნებში ვიყავი, ყველგან და ყოველთვის ხმა მიმიცია და 260 პარტიაში ამირჩევია ის, რომელიც მეტ-ნაკლებად ახლოს არის ჩემთან. არ მწამს სამწუხაროდ ამ არჩევნების სისტემის, რომელიც ახლა არის ჩამოყალიბებული; არ მწამს იმ დათვლის, რომელიც ხდება და ისიც გამიკვირდა, რომ ახლა ამ არჩევნებში აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტია, რომელსაც უფრო მეტი ბერკეტი და სახელმწიფო რესურსი აქვს, სულ რაღაც ერთი პროცენტით უსწრებს მეტოქეს – ეს ძალიან გამიკვირდა“, – განაცხადა იური მეჩითოვმა.