„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, თუ ვის მიიჩნევს მთავარ ფავორიტად ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში. გერმანელი სპეციალისტის თქმით, ესენი არიან – „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“.
„დარჩენილი გუნდებიდან ჩემთვის მთავარი ფავორიტები არიან – „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“. ეს საინტერესო თამაში იქნებოდა! არ ვიცი, გამოვა თუ არა ასეთი ფინალი, შესაძლოა, ისინი უფრო ადრე შეხვდნენ ერთმანეთს ან რაიმე სხვა მოხდეს.
ყველას სჭირდება იღბალი ასეთ ტურნირზე გამარჯვებისთვის, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ გინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, საჭიროა მოამზადო საუკეთესო შემადგენლობა ტურნირის ფინალისთვის. არ ვამბობ, რომ სხვა გუნდებს შანსი არ აქვთ, მაგრამ სწორედ „ბაიერნს“ და „სიტი“ აქვთ უფრო მაღალი შანსი, მე ასე მიმაჩნია“, – განაცხადა კლოპმა.
„მანჩესტერ სიტიმ“ მერვედფინალის პირველ მატჩში სტუმრად 2:1 მოუგო „რეალს“, საპასუხო მატჩი კი ჯერ არ ჩატარებულა. „ბაიერნმა“ ასევე გასვლაზე მოუგო „ჩელსის” (3:0).