იურგენ კლოპი პარალიმპიადას ესწრება - ტელეპროგრამებში პარალიმპიადას უფრო აქტიურად უნდა ვაჩვენებდეთ, რადგან ეს აღმაფრენას გაძლევს #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ლამაზად ისვენებს ფეხბურთისგან: აგვისტოს ბოლოდან ის პარიზში იმყოფება და პარალიმპიადის აქტიური მაყურებელია. გერმანელი სპეციალისტის ფოტოები პარალიმპიური ობიექტების ფონზე სოციალური ქსელის მეშვეობით ყველამ იხილა.
კლოპი პარიზის პარალიმპიადაზე მეგობრის მხარდასაჭერად ჩავიდა. ეს არის ყოფილი ფეხბურთელი, პარამძლეოსანი და ახლა პარაბადმინტონისტი, ახალი ზელანდიის სახელით მოასპარეზე გერმანელი ვოიტეკ ჩიჟი. მან 21 წლის ასაკში, საფეხბურთო მატჩისას ფეხი მოიტეხა და ამპუტაცია დასჭირდა. ჩიჟი სპორტში დარჩა და პარალიმპიელი გახდა. პარამძლეოსნობაში მან 2004, 2008 და 2012 წლის პარალიმპიადებზე ოთხი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიგო (რბენასა და სიგრძეზე ხტომაში). 2022 წელს გაახსენდა, რომ ბადმინტონი მისი ბავშვობის ჰობი იყო და ორ წელიწადში პარალიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.
იურგენ კლოპი ჩიჟმა ერთ-ერთი საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის დროს გაიცნო და ისინი დღემდე მეგობრობენ. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ, მინიმუმ, 500-ჯერ მაინც უხსენებია ჩიჟი სამოტივაციო სიტყვებში:
„ეს ყველაზე ამაღელვებელი და სამოტივაციო ისტორიაა, რაც კი ოდესმე მომისმენია. ეს ისტორია ყოველთვის უნდა მოყვე, რადგან ის დაუჯერებელია. ჩემი მეგობარი უნიკალური ადამიანია. მოხვდა პარიზის პარალიმპიადაზე სპორტის ახალ სახეობაში, რომელიც, უბრალოდ, მოსწონდა ბავშვობაში! ვოიტეკი ყოველდღე აკეთებს იმას, რასაც მე ვერასდროს გავბედავდი“.
„იურგენ კლოპი – ოჯახის წევრია. ის აქ მხოლოდ ჩემ გამო არ ჩამოვიდა, არამედ უნდა, აჩვენოს ყველას, რომ პარალიმპიური თამაშები შესანიშნავი ტურნირია. საჭიროა, რომ ასეთი ადამიანები გვაქცევდნენ ყურადღებას“, – განაცხადა ჩიჟმა.
„ტელეპროგრამებში პარალიმპიადის პოვნა არც ისე იოლია, – ნაღვლობს კლოპი, – ჩვენ მას უფრო აქტიურად უნდა ვაჩვენებდეთ, რადგან ეს აღმაფრენას გაძლევს. მნიშვნელოვანია, მისცე სპორტში თვითრეალიზების შესაძლებლობა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს. ისტორია სავსეა აღმასვლისა და დაცემის შემთხვევებით, მაგრამ ყველა ჩვენგანს სურს, იხილოს ჰეფი ენდი. თუ ჩვენ ვაჩვენებთ ამ ადამიანების წარმატებებს – ეს ამის საუკეთესო მაგალითი იქნება“.