იუნისეფის წარმომადგენელი - არ ვაწარმოებთ მონიტორინგს ან გამოძიებას ნინოწმინდის პანსიონში, პატივს ვცემთ ქვეყნის ხელისუფლებას, ვინც ამას აკეთებს
იუნისეფის წარმომადგენელი - არ ვაწარმოებთ მონიტორინგს ან გამოძიებას ნინოწმინდის პანსიონში, პატივს ვცემთ ქვეყნის ხელისუფლებას, ვინც ამას აკეთებს

კარგი დისკუსია გვქონდა დღეს პერსონალთან და სოციალურ მუშაკებთან, რომლებიც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, იუნისეფის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერენ ბავშვების ოჯახებში ცხოვრებას.

„ეს ადამიანები გმირები არიან. ისინი 24-საათიან მონიტორინგს აწარმოებენ. ამიტომ მათ მიერ შესრულებული კარგი სამუშაო ნამდვილად უნდა დავაფასოთ. იუნისეფი, სოციალური დახმარების სააგენტოს გავლით, მხარს დაუჭერს ნინოწმინდაში მომუშავე სოცმუშაკებს და ყველა სხვა ინსტიტუტებში მყოფ მუშაკებსაც.

მინდა, განვმარტო, რომ იუნისეფი არ აწარმოებს მონიტორინგს ან გამოძიებას. ჩვენ პატივს ვცემთ ქვეყნის ხელისუფლებას, ვინც ამას აკეთებს. თუმცა დღეს მოვედით ჯანდაცვის სამინისტროსთან, საპატრიარქოსთან და „ვორლდ ვიჟენთან“ ერთად და ვესაუბრე ბავშვებს. ვითამაშეთ ფეხბურთიც მათთან ერთად. იუნისეფი მიესალმება თანამშრომლობას ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს, იუნისეფსა და „ვორლდ ვიჟენს“ შორის. მხარს ვუჭერთ ბავშვების ოჯახებში ცხოვრებას. ამას აღიარებს საპატრიარქო და მხარს უჭერს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის, რისიც ჩვენ, იუნისეფს და „ვორლდ ვიჟენს“ გვჯერა. ეს არის ის, რასაც ადგენს ბავშვების დაცვის კოდექსი. ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ოჯახში. ამისთვის კი, საჭიროა დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა, რა დროსაც, გათვალისწინებული იქნება ყველა ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ეს უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის საქმის ინდივიდუალურად განხილვის საფუძველზე“, – განაცხადა ღასან ხალილმა.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ ჩაერთვება იუნისეფი საკითხში.

„ამ ოთხი მხარის თანამშრომლობას იუნისეფი მხარს დაუჭერს და დამატებით, ორი წელია, აქტიურად ვთანამშრომლობთ საპატრიარქოსთან. ასობით მღვდელმა გაიარა სემინარები, ტრენინგები და ვირქშოპები. პირადად მე არ გამიგია არც ერთი მღვდლის ნათქვამი, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ბავშვის უფლებას, იცხოვროს ოჯახში. ეს ინსტიტუტები საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც შეიქმნა კონკრეტული ისტორიული სპეციფიკური კონტექსტის გამო, მაგრამ ახლა ისინი არ არიან თანხვედრაში ბავშვების უფლებების თანამედროვე კონცეფციებთან და ბავშვთა უფლებების კოდექსთან. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩაუდგება სათავეში დეინსტუტიციონალიზაციის გეგმას და საპატრიარქო მხარს უჭერს ამას, იუნისეფიც, „ვორლდ ვიჟენიც“. დარწმუნებული ვარ, მთელმა საზოგადოებამ უნდა დაუჭიროს ამას მხარი, მაგრამ ეს უნდა იყოს გაკეთებული ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. ბავშვები უნდა იყვნენ მზად, მათ უნდა მოვუსმინოთ, მათ უნდა ვესაუბროთ. ყველა პროფესიონალი, ვინც მუშაობს ბავშვებთან, უნდა უსმენდეს მათ. ადვოკატებმა, მოსამართლეებმა, სოცმუშაკებმა ფსიქოლოგებმა ინსტიტუტების პერსონალმა უნდა მოუსმინოს ბავშვებს და ჟურნალისტებმა, მედიამ უნდა სცენ პატივი ბავშვების პირად სივრცეს, მათი მშობლების პირად სივრცეს. ბავშვებს ვკითხე, რა გჭირდებათო და მათ მითხრეს, რომ სჭირდებათ ნაკლები ნერვიულობა, მშვიდი გარემო, დავიღალეთო. მოდით, ვიფიქროთ ბავშვებზე და ბავშვები იყვნენ ჩვენი დღის წესრიგის პრიორიტეტი“, – განაცხადა იუნისეფის წარმომადგენელმა.