საქართველოს ხმლით მოფარიკავე იუნიორთა ნაკრები იტალიაში გაემგზავრა. გუნდი ქალაქ ფოჯაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი მოფარიკავეები შეჯიბრში 27 თებერვლიდან ჩაებმებიან. ბილიკზე პირველები გოგონები გავლენ. საუკეთესოთა შორის მოსახვედრად ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, მარიამ ცუხიშვილი და თამარ ჩარკვიანი იბრძოლებენ. 28 თებერვალს ასპარეზობა ვაჟთა შორის შედგება. საქართველოს ღირსებას ამ კატეგორიაში ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია, გოგა კაკაურიძე და ნიკოლოზ ჭეიშვილი დაიცავენ.
ინდივიდუალურის გარდა, ევროპის ჩემპიონატზე, გუნდური შეჯიბრიც გაიმართება. ქართველი მოფარიკავეები გუნდური წარმატების მოპოვებას 2 და 3 მარტს შეეცდებიან.