იუნესკომ ისრაელისგან ორგანიზაციის დატოვების შესახებ ოფიციალური განაცხადი მიიღო
იუნესკომ ისრაელისგან ორგანიზაციის დატოვების შესახებ ოფიციალური განაცხადი მიიღო

იუნესკომ ისრაელისგან ორგანიზაციის დატოვების შესახებ ოფიციალური განაცხადი მიიღო. როგორც გამოცემა Times of Israel წერს, ამის შესახებ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ განაცხადა. მისი თქმით, ის ისრაელის გადაწყვეტილების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ისრაელის გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრიდან შევა.

ისრაელის მთავრობამ იუნესკო-დან გასვლის პროცედურის დაწყების შესახებ 27 დეკემბერს განაცხადა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებმა აშშ-ის მიერ ორი თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ორგანიზაციის დატოვების შესახებ მამაცი და მორალური უწოდეს.

ამერიკის შეერთებული შტატები გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის წევრი 2018 წლის 31 დეკემბრიდან აღარ იქნება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზაციის ისრაელის საწინააღმდეგო მიკერძოებული პოზიცია და საწევროს გადასახადი დაასახელა.

შეგახსენებთ, 7 ივლისს იუნესკომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰებრონის ძველი ქალაქი და პატრიარქთა სამარხები მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში პალესტინური ძეგლის სტატუსით შეიყვანა. ამას ისრაელის უკმაყოფილება მოჰყვა. პალესტინა იუნესკოში 2011 წელს გაწევრიანდა.

ორგანიზაციაში პალესტინის გაწევრიანებას ვაშინგტონისა და ისრაელის მწვავე რეაქცია მოჰყვა. აშშ-მა ორგანიზაციისთვის საწევრო გადასახადის ანუ ყოველწლიურად 80 მილიონი დოლარის გადარიცხვა შეწყვიტა, სანაცვლოდ ქვეყანამ ხმის უფლება დაკარგა.