იტალიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იტალიას „ერთი სარტყელი, ერთი გზიდან“ გასვლა სურს
იტალიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იტალიას „ერთი სარტყელი, ერთი გზიდან“ გასვლა სურს

იტალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, იტალიას ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი, ერთი გზიდან“ გასვლა სურს. იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გუიდო კორზეტომ განაცხადა, რომ ამ პროექტმა არ მოახდინა გავლენა იტალიური ექსპორტის ზრდაზე.

მისივე განმარტებით, ახლა კითხვა მდგომარეობს, თუ როგორ უნდა გავიდეს იტალია ამ ინიციატივიდან ისე, რომ პეკინთან ურთიერთობებს ზიანი არ მიადგეს.

„რადგანაც სიმართლეა, რომ ჩინეთი არის კონკურენტი, მაგრამ ის ასევე არის პარტნიორი“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

კორზეტოს თქმით, „იტალიის მიერთება „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ინიციატივასთან ჯუზეპე კონტეს მთავრობის მიერ იმპროვიზებული და არაკეთილსინდისიერი ქმედება იყო, რომელმაც გამოიწვია ორმაგი ნეგატიური შედეგი“.

„ჩვენ ექსპორტზე გავიტანეთ ბევრი ფორთოხალი ჩინეთში და სამ წელიწადში გავასამმაგეთ ჩინური ექსპორტი იტალიაში“, – აცხადებს იტალიის თავდაცვის მინისტრი.

იტალია ჩინეთის ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ 2019 წელს შეუერთდა. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს მასშტაბური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩინეთსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს დააკავშირებს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა წარმოადგენს ჩინეთის ხელისუფლების ინსტრუმენტს, რომლითაც პეკინი საკუთარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცელებას ცდილობს.

გასულ კვირას თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დრო იტალიის პრემიერ მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ჯო ბაიდენს უთხრა, რომ მისი მთავრობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს. მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს ხანში პეკინში აპირებს ჩასვლას და ჩინეთის ინიციატივის საკითხზე გადაწყვეტილება დეკემბრამდე იქნება მიღებული.