იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ ისევ გააკრიტიკა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ქვეყნის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებული პროტოკოლის დარღვევისთვის. ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელმა დატოვა იტალია და პორტუგალიის ნაკრებს შეუერთდა, თუმცა სამშობლოში ჩასულმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა. მან გადაწყვიტა კარანტინი პორტუგალიაში არ გაევლო და კერძო თვითმფრინავით იტალიაში დაბრუნდა.
„ეს დიადი ჩემპიონები საკუთარ თავს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა აყენებენ. როცა ის ნაკრებში წავიდა, პროტოკოლი დაარღვია, ამიტომაც შეიტანეს სარჩელი პროკურატურაში და დაიწყო სპორტული გამოძიება. არადა, ჩემპიონები მაგალითს უნდა იძლეოდნენ.
„იუვენტუსის” პრეზიდენტი გაბრაზებულია? ვურჩევდი პრეზიდენტებს საკუთარ კლუბებში შეიხედონ და საფეხბურთო ინდუსტრია დაიცვან“, – თქვა სპადაფორამ.
ადრე მინისტრმა განაცხადა, რომ რონალდო უპატივცემულობას იჩენს იტალიის მთავრობის მიმართ.