იტალიის სპორტის მინისტრი თურქეთისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩამორთმევას ითხოვს

21:25, 15.10.2019

იტალიის სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ უეფას (UEFA) წინადადებით მიმართა – განიხილონ 2019-2020 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის სტამბოლიდან სხვა ქალაქში გადატანა.

ამის მიზეზად მან დაასახელა სამხედრო ოპერაცია, რომელიც თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით დაიწყო.

„გთხოვთ გაარკვიოთ, სირიაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ხომ არ არის ჩემპიონთა ლიგის ფინალის სტამბოლში გამართვა მიუღებელი. ჩემპიონთა ლიგის ფინალი – ერთ-ერთი უმნიშვნელოვნესი მოვლენაა მსოფლიოში. ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ცნობებმა, მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულმა და აქტივისტთა მკვლელობამ ააღელვა საერთაშორისო საზოგადოება. მე პატივს ვცემ იმ ორგანიზაციის ავტონომიურობას, რომელსაც თქვენ უდგახართ სათავეში და იმედს გამოვთქვამ, რომ ევროპული ფეხბურთი თამამ და მამაც არჩევანს გააკეთებს და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ სპორტი მშვიდობის ინსტრუმენტია“, – წერია წერილში, რომელიც სპადაფორამ მისწერა უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინს.

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა მიკელე უფამ უკვე განაცხადა, რომ სტამბოლიდან ფინალის გადატანის ვარიანტებს აუცილებლად განიხილავენ, მაგრამ ასევე დაამატა, რომ „უეფა ვერ ჩაანაცვლებს გაერთიანებულ ერებს, ევროკავშირს, დიპლომატებს, ელჩებსა და სხვა პოლიტიკურ ინსტიტუტებს“.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლის ოლიმპიურ სტადიონზე 30 მაისს უნდა გაიმართოს.

თურქეთმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება სირიის ჩრდილოეთით. ის მიმართულია თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ.

მსგავსი